რა არის ენა?

       ენა ადამიანის ცხოვრებასთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. მის გარეშე ჩვენ ვერ გადავცემდით სხვას აზრებსა და ჩანაფიქრებს.  მისი მეშვეობით ხდება ემოციების გამოხატვაც. როდესაც ვფიქრობთ რამეზე, ესეც ენის საშუალებით ხდება. იგი უძველესი დროიდან არსებობს, მაგრამ ენის წარმოშობის დადგენა არც თუ ისე ადვილია.  როგორც ცნობილია, უძველესი კულტურის ხალხს სწამდა, რომ ენა ღმერთმა შექმნა. მათი რწმენით, თავდაპირველად დედამიწაზე მცხოვრები ყველა ადამიანი ერთ ენაზე ლაპარაკობდა. მეცნიერების თქმით, არსებობს რამდენიმე ლეგენდა ენის წარმოქმნის შესახებ:

             
        ერთ-ერთი ლეგენდის მიხედვით, როდესაც ადამი გაჩნდა, სიტყვები ღმერთმა ამცნო და მან ისინი სხვებსაც გადასცა. იმავე ლეგენდის მიხედვით, ღმერთმა მას სიტყვები პირდაპირ კი არ ასწავლა, არამედ ყველა ცხოველი, ფრინველი და საგანი მოუტანა, ხოლო სახელები თვითონ ადამმა შეარქვა.
    ასევე არის ლეგენდა, რომლის თანახმადაც იყო ბრძენი ბერიკაცი, რომელმაც წყლით სავსე ქვაბი ცეცხლზე დადგა. წყალი წამოდუღდა და დაიწყო ჩუხჩუხი, სისინი და შიშინი. ამ დროს ბრძენმა მოიხმო დედამიწაზე მყოფი ხალხი და ვინც ჩუხჩუხის დროს მოვიდა, იმ ხალხმა რაკრაკა ბგერებით დაიწყო საუბარი, ვინც სისინის დროს- სისინა ბგერები წარმოთქვა და ასე შემდეგ. რადგან ესტონელები ყველაზე ადრე გამოცხადდნენ ქვაბთან,  ამიტომ ისინი ამეტყველებულან თვით ბრძენი კაცის ენაზე. 
და მაინც,  როგორ გაჩნდა ენა ? ამაზე კონკრეტული პასუხი არ არსებობს, მაგრამ გვაქვს სხვადასხვა თვალსაზრისი, მეცნიერების ჰიპოთეზები და ლეგენდები ენის გავრცელების შესახებ.
1.  ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ ბაბილონში მცხოვრებ  ხალხს უნდოდა, რომ ღმერთთან მისულიყო. ამისათვის მათ კოშკის, ანუ ბაბილონის  გოდლის აგება გადაწყვიტეს.  ღმერთს ამ განზრახვისთვის ხელი შეუშლია და კოშკის მშენებლებისთვის ენა აურევია. ისინი სხვადასხვა ენაზე აულაპარაკებია. ხალხი ერთმანეთს ვეღარაფერს აგებინებდა.

2. ასევე არსებობს ბერძნული ლეგენდა, რომელიც გვამცნობს, რომ უძველეს ხანაში ადამიანები მშვიდობიანად ცხოვრობდნენ ერთად, არც ქალაქები ჰქონდათ, არც კანონები, არც  წეს-ჩვეულებები და   ტრადიციები. ლაპარაკობდნენ საერთო ენით და პატივს სცემდნენ ერთ ღმერთს-ზევსს. დროთა ვითარებაში ჰერმესმა  სხვადასხვა სალაპარაკო ენა გააჩინა და კაცობრიობა გაყო სხვადასხვა ეროვნების ადამიანებად.  ასე გაჩნდა ენები.
                 
       გამოყენებული ლიტერატურა:


ზურაბ ჭუმბურიძე-ენის წარმოქმნა

  რევაზ გაბეჩავა- ქართული ენა

  Google.ge

 VII კლასის ქართული ენის სახელმძღვანელო.



Comments

Popular posts from this blog